14.03.2019 ყაზახეთი აპირებს საქართველოსა და ირანის მარცვლეულ ბაზრებზე დაკარგული პოზიციების აღდგენას

ყაზახეთი გეგმავს აღადგინოს საქართველოსა და ირანის მარცვლეულ ბაზრებზე დაკარგული პოზიციები. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გულმირა ისაევამ განაცხადა.

"ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ ყაზახეთის ხორბალთან დაკავშირებულ საკითხზე. ადრე ჩვენ იქ აქტიურად ვმონაწილეობდით, შემდეგ კი მინიმუმამდე შევამცირეთ (მიწოდება). ახლა გვსურს აღვადგინოთ მოცულობა. ამრიგად, ჩვენ ვმუშაობთ , რომ აღვადგინოთ ჩვენი პოზიციები იქ, სადაც ადრე ვიყავით, გავხსნათ ახალი ბაზრები", - თქვა მან მთავრობის კულუარებში ხუთშაბათს.

ასევე, გულმირა ისაევამ შეახსენა, რომ წლის დასაწყისში ყაზახეთმა ირანთან ხელი მოაწერა მემორანდუმს ხორბლის საკითხზე. ბოლო წლებში ეს ახლო აღმოსავლური ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის დახურული იყო.

ახლა ვითარება ძირეულად შეიცვალა, ირანის გადამამუშავებელმა სიმძლავრემ (25 მილიონი ტონა) ორჯერ გადააჭარბა საკუთარ წარმოებას. მათი ბიზნესი აპირებს ჩვენი ხორბლის რეექსპორტირებას უკვე ფქვილისა და სხვა პროდუქტების სახით. რეექსპორტი, ასევე, აღსანიშნავია იმით, რომ ირანის მეზობლები მსოფლიოში ფქვილის პროდუქტების დიდი მომხმარებლები არიან.

მისი თქმით, ირანელებმა გაამარტივეს მიწოდების პირობები.

"მათ აქვთ ასეთი მოთხოვნა - საქონლის მიწოდებისას, უნდა ჩაიდოს ფულადი დეპოზიტი საქონლის ღირებულების თანხის ოდენობით. ამ რისკებს თავის თავზე იღებენ ირანის ფქვილის დამქველი საწარმოები. ანუ, ისინი ჩვენგან მოითხოვენ მაღალი ხარისხის მარცვლეულის მხოლოდ წარმოებას და მიწოდებას, შემდეგ კი ისინი თვითონ დაამუშავებენ და ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდიან. ხოლო უმეტეს ნაწილს გაუშვებენ ექსპორტზე მესამე ქვეყნებში ", - დასძინა მან.

ყაზახეთის ტრადიციულ ბაზრებად რჩებიან ცენტრალური აზიის ქვეყნები და ავღანეთი.

"ახლა ჩინეთი იქცევა ჩვენს ტრადიციულ ბაზრად. ბოლო მარკეტინგული წლის შედეგებით, ჩვენ ოთხჯერ გავზარდეთ მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. უფრო ზუსტად, ეს 400 ათას ტონაზე მეტია ", - აღნიშნავს უწყების წარმომადგენელი, რომელიც ამას უკავშირებს ჩინეთში მარცვლეულის ტრანსპორტირების პროცედურების გამარტივებას.

დაგეგმილია ამ ქვეყანაში იმპორტის მოცულობის გაზრდა მომავალი სამი წლის განმავლობაში 1 მილიონ ტონამდე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ყაზახეთმა მარცვლეულის კარგი მოსავალი მიიღო- 22.8 მილიონი ტონა. 2017 წელს ყაზახეთში 21.9 მილიონი ტონა მარცვლეული კულტურების მოსავალი აიღეს. გასულ წელს ყაზახეთმა 11.7 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტი განახორციელა.

წყარო: www.inbusiness.kz

Created at : 14.03.2019, 18:00, Updated at : 14.03.2019, 18:00